კახეთში სასტუმრო-კომპლექსები შეგვიძლია გამოვაცხადოთ COVID-ისგან სუფთა ზონებად - გახარია

პუბლიკა

ერთ რამეს უნდა შევეგუოთ, სამწუხაროდ, ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, როგორც ჩანს, გაურკვეველი ვადით, შესაძლოა ეს იყოს რამდენიმე თვე ან წელი. ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორც ტურისტული ქვეყნის, უნდა გაძლიერდეს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ყველა უნდა შევეგუოთ, რომ იმ რაოდენობის ტურისტს, როგორც შარშან, მივიღეთ ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, 8000-წლიანი მეღვინეობის ისტორია, ჩვენი ისტორიული ძეგლები, სამზარეულო, კულტურა, სტუმართმასპინძლობა უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება და მართავს ვირუსის რისკებს და შეუძლია როგორც სწრაფი გამოვლენა, ასევე მკურნალობა, ამავდროულად კი ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეკონომიკა ავამოქმედოთ”, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული.

„ერთბაშად და სწრაფი მოხსნები ვერ იქნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ საერთოდ საქართველო, როგორც Covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი და რისკების ეფექტურად მმართველი ქვეყანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე, ტურიზმი ვერ იქნება და სტუმარი არ ჩამოვა. უნდა ვიყოთ Covid-19-ისგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარ-მასპინძლობის დარგში, აშენდა ბევრი ახალი სასტუმრო, გაშენდა ბევრი ვენახი, გაკეთდა ბევრი მარანი დ ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი.

პრემიერის განცხადებით, საქართველომ ეს კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის შესაძლებლობა იქნება.

„მსგავსი კომპლექსები ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია წესების დაცვით გამოვაცხადოთ COVID-ისგან სუფთა ზონებად. ეს არ იქნება რთული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წესი იქნება დასაცავი. მარტივ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს COVID-ის რისკებს. მერწმუნეთ, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ეს ყველას დაავიწყდება. მთავარია, რომ ერთდროულად, ჩვენ შევძლოთ ყველაზე ეფექტურად ავამოქმედოთ ეკონომიკა“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.