კახიანი უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე: კითხვები ჩნდება გია ლორთქიფანიძეზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებას, საქართველოს მხრიდან კონტრაბანდული ტექნიკის გატარებაზე აბსურდულს უწოდებს.

ის უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას გია ლორთქიფანიძეს უკავშირებს, რომელიც  საქართველოში წინა ხელისუფლების დროს მაღალჩინოსანი იყო და ახლა უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზეა.

„სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს, მაგრამ სხვანაირადაც ვიტყოდი – ეს შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ვინმეს შეიძლება ასეთი კითხვა გაუჩნდეს. სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება, პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება ასეთი მოსაზრება გაჩნდეს და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს. კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის იმ სამსახურიდან სწორედ, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედაც დაინიშნა სულ ცოტა ხნის წინ გია ლორთქიფანიძე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.