კალაძე: 20 ივნისის აქციის დაშლაზე პასუხისმგებელი იყო შს მინისტრი, რომელიც გასცემდა ბრძანებებს

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს გამართული აქციის დაშლის საქმეზე „პასუხისმგებელი პირი სწორედ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო“.

„პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს. როდესაც შენ ატარებ აქციის დაშლის ოპერაციას, ვინ არის პასუხისმგებელი პირი? ვინ გასცემს ბრძანებებს?

რაც შეეხება სახალხო დამცველის ანგარიშს, მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ თავიანთი აგენტი რაღაცნაირად შეენარჩუნებინათ, გადაერჩინათ, იგივე თუნდაც ვიცით, ვინ არის სახალხო დამცველი, რას წარმოადგენს, ვისგან ფინანსებოდა. ჩვეულებრივი აგენტია, აგენტურას წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ცდილობდნენ, რომ თავიანთი თანაგუნდელები გადაერჩინათ და ისე შეეფუთათ თემა, რომ გახარიას პასუხისმგებლობა არ ყოფილიყო. ძალიან ცუდია, რაც მოხდა. არსებობს ორი კონკრეტული საქმე, რაშიც პროკურატურა ბრალს სდებს გიორგი გახარიას. გამოძიება დაწყებულია და დაველოდოთ დეტალურ ინფორმაციას“, – თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისიდან 3 თვეში „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. პრემიერად დანიშვნას წინ უძღოდა „გავრილოვის ღამე“ და სამთვიანი უწყვეტი აქციები მისი შს მინისტრის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით.


გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე აღიძრა 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისა და ჩორჩანის საგუშაგოს ეპიზოდებზე.

ორივე საქმეზე გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

პროკურატურის ვერსიით, 20 ივნისის საქმეზე გახარიამ გდდ-ის თანამშრომლებს „ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას.“

ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით კი პროკურატურა ამბობს, რომ გახარიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, შესაბამისი უწყებების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე მიიღო.

ექსპრემიერს რომელიც თვეებია, საქართველოში არ იმყოფება, ბრალდება ორი მუხლით წარედგინა:

  • 25-117 მუხლის მე-3 ნაწილის (მ) ქვეპუნქტით –  ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
  • მუხლი 333, მე-2 ნაწილი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.