კალაძე: აუცილებელია, აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანის გამზირზე ავტობუსის ზოლები მოეწყოს

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, აუცილებელია, აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირზე ავტობუსის ზოლები მოეწყოს.

თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ თქვა, რომ მერიის დაკვეთით დანიურმა კომპანია „რამბოლმა” თბილისის სატრანსპორტო გეგმაზე იმუშავა და 3-წლიანი მუშაობის შემდეგ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი წარმოადგინა.

როგორც კალაძე ამბობს, დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათის პროექტებსა და ღონისძიებებს შეიცავს, რომლის მიზანი 20-წლიან პერსპექტივაში დედაქალაქში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარებაა.

„სტრატეგია ისეთ უპრეცედენტო პროექტს მოიცავს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით – შეიძლება, ეს იყოს მეტრო, ან ტრამვაი.

აღმაშენებლის ხეივანი ისეა გადატვირთული, რომ დიდი დიღმიდან გამოსვლა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ჩვენ გარკვეულ ღონისძიებებს ვგეგმავთ. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას გარკვეულწილად ხელი შევუწყოთ იმაში, რომ უბნიდან გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობში გაჭედილი არ იყოს, ამისთვის აუცილებელია, რომ აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანის გამზირზე ავტობუსის ზოლები მოეწყოს. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს”. – თქვა კახა კალაძემ.