კალაძე: ეს არის ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკში შადრევანში ბავშვის დაღუპვის ფაქტს გამოიძიებენ და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.

„უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ. რაც შეეხება გამოძიებას, დაწყებულია, ჩართულია ყველა უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში.

სამუშაოები აწარმოა, ცენტრალური კონკტრაქტორი იყო „გრინსერვისი“, კონტრაქტორები არ ვიცი.

შემოწმებული იყო პროექტი, დიდი ხანია, დასრულებულია, უბრალოდ, გუშინ ვიყავით მისულები.

უდიდესი თემაა, უმძიმესი. თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა მერმა.

ფაქტს გამოეხმაურა პრემიერი ღარიბაშვილიც.

„გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება“, – წერია პრემიერის განცხადებაში.

ბავშვი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, დაიღუპა. ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკაში განაცხადეს.

დღეს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას შადრევანში დენმა 3 ბავშვს დაარტყა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გუშინ, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია.