კალაძე: გმირთა მოედნის ესტაკადაზე 19 ივნისიდან 7 ივლისამდე, დღეგამოშვებით, ღამის საათებში, მოძრაობა სრულად შეიზღუდება

პუბლიკა
content image

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გმირთა მოედანზე არსებულ ესტაკადას გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები ჩაუტარდება, რის გამოც 19 ივნისიდან 7 ივლისამდე ღამის საათებში (02:00-დან 06:00-მდე) ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა დღეგამოშვებით, სრულად შეიზღუდება.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. განსაკუთრებული ადგილი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ქუჩების განახლება-რეაბილიტაციას უჭირავს. ასევე, ყურადღებას ვუთმობთ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას, შეცვლას. კრიტიკას ვერ უძლებს სხვადასხვა უბანში, ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამიტომ, სადაც შევდივართ სამუშაოებით, პირველ რიგში, მას ვაწესრიგებთ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხიდების უსაფრთხოების საკითხსაც, რაც შესაბამისი სამსახურების მიერ პერიოდულად მოწმდება. მონიტორინგის მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ პერიოდში, ღამის საათებში (02:00-დან 06:00-მდე) გმირთა მოედნის ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა დღეგამოშვებით, სრულად შეიზღუდება. მსგავსი პროფილაქტიკური ღონისძიებები ხელს უწყობს პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდებას“, – თქვა კალაძემ.