კალაძე: ივანიშვილი მეცენატია და არანაირი კავშირი არ აქვს დეოლიგარქიზაციასთან

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შეასრულებს.

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის პროცესთან ბიძინა ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს.

„ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წინა ხელისუფლების პერიოდში. მას უკავშირდება სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სამხედრო ბაზების მშენებლობა, უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია-განახლება. წიგნებიც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით და დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოთ. ის არის ქველმოქმედი, მეცენატი, პატრიოტი, ამ ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.