კომიტეტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირა

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს.

კანონპროექტის განხილვა მეორე და მესამე მოსმენით კომიტეტზევე გაგრძელდება, რის შემდეგაც ის პლენარულ სესიაზე გავა საბოლოოდ მისაღებად.

კანონპროექტი უკრაინული კანონის ზუსტი ანალოგია.

კანონპროექტი განსაზღვრავს პირის მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; აქვს თუ არა მას მნიშვნელოვანი გავლენა მასმედიაზე; მონოპოლისტურ საქმიანობას; ასევე განისაზღვრება, რა რაოდენობის თანხას უნდა ფლობდეს ის. ამ კრიტერიუმებიდან სამი არის საკმარისი, რომ პირი მიჩნეული იქნეს ოლიგარქად.

ოლიგარქთა რეესტრის შექმნის ფუნქცია პარლამენტს დაეკისრება.

კანონპროექტი არ გაითვალისწინებს კონკრეტულ სახელსა და გვარებს, რადგან, უმრავლესობის შეფასებით, ნონსენსია, რომელიმე კანონი კონკრეტულ სახელებზე აიგებოდეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული სტრუქტურების მხრიდან უკრაინასთან მიმართებით გაკეთდა მოწოდება მათ მიერ მიღებული კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ობიექტურ საზომად უკრაინული მოდელის გაცნობა, განხილვა და გაანალიზება იქნა მიჩნეული. სწორედ ამიტომ ჩვენ უკრაინული მოდელი განვიხილეთ“, – განმარტა ანრი ოხანაშვილმა, კომიტეტის თავმჯდომარემ.

კანონპროექტი უკლებლივ ყველა ოპოზიციონერისთვის მიუღებელია.

ისინი აცხადებენ, რომ უკრაინული მოდელი ქართულ რეალობას ვერ ერგება და თუ კანონი არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ის არაეფექტური იქნება. ოპოზიციონერები მიუთითებენ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის სახელია მოხსენიებული.

ამ შინაარსის შეკითხვები კომიტეტის სხდომაზე „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატებმაც დასვეს.

ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ მსგავსი კანონი უკრაინის გარდა სხვა არც ერთ ქვეყანას არ აქვს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს პრინციპები აიღო სახელმძღვანელოდ.

ოპოზიციის პოზიციის საპასუხოდ უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს უკრაინული მოდელის გარდა სხვა ვერსიის განხილვას.

„უკრაინული კანონი ავიღეთ, რომელიც ყველამ მოიწონა და ვთავაზობთ ოპოზიციას. თუ მოინდომებენ ამაში თანამონაწილეობას, მზად ვართ, კანონი მივიღოთ, თუ არა, მაშინ არ მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს.