უკრაინულ კანონს ვთავაზობთ ოპოზიციას, თუ მოინდომებენ, მივიღებთ, თუ არა, მაშინ არ მივიღებთ - კობახიძე

პუბლიკა

„უკრაინული კანონი ავიღეთ, რომელიც ყველამ მოიწონა და ვთავაზობთ ოპოზიციას. თუ მოინდომებენ ამაში თანამონაწილეობას, მზად ვართ, კანონი მივიღოთ, თუ არა, მაშინ არ მივიღებთ“, – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გარშემო თუ იქნება კონსენსუსი, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს შორის, მაშინ მას კანონად აქცევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, არ მიიღებენ.

„უკრაინული კანონი, რომელიც არავისზე არ იყო მორგებული, არც ერთ ქართველ პოლიტიკოსზე არ იყო მორგებული, გაიგზავნა ვენეციის კომისიაში. მანაც მოიწონა და შევთავაზეთ საბაზისო ვერსიად ეს ოპოზიციას. მაშინვე წამოვიდა წინააღმდეგობა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ნახეს, რომ ეს კანონი ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ შეეხება მათ არაერთ წარმომადგენელს, მათ არაერთ ლიდერს, მათ შორის, პირველ რიგში კეზერაშვილს… მათ ამ კანონის მიღება არ აწყობთ. გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ისეთ კანონს შეიმუშავებენ, რომელიც მორგებული იქნება ივანიშვილზე. ეს თქვეს ღიად და საჯაროდ. ელემენტარულად, ვერ ერკვევიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში. კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული“, – აცხადებს კობახიძე.

3 ოქტომბერს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ მედიას განუცხადა, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ფრაქცია მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა არასდროს ყოფილა უკრაინული მოდელის გადმოთარგმნა, მათთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის გავლენის აკრძალვა პოლიტიკურ, სოციალურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

გუშინვე „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა უმრავლესობას ამ კანონპროექტზე ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.

„უმრავლესობის მიერ კანონპროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, ჩვენც ჩვენეულ ვერსიას წარვუდგენთ პარლამენტს და ვიმედოვნებ, რომ ეს ორი ვერსია შეჯერდება“, – თქვა მან.

საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო ისეთ კანონს მიიღებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება, ევროკომისიის რეკომენდაცია შესრულებულად არ ჩაითვლება.

მათივე პოზიციით, სასამართლოს და პროკურატურის რეფორმის გარეშე დეოლიგარქიზაციის კანონი ეფექტიანი არ იქნება და მხოლოდ რამდენიმე პარტიისა და მედიის დაფინანსებას შეუშლის ხელს.

ოპოზიციონერები ამბობენ, რომ უკრაინული კანონი ქართული პოლიტიკისთვის შეუსაბამოა.


იურიდიულმა კომიტეტმა  დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ინიციირებას 3 ოქტომბერს დაუჭირა მხარი. დოკუმენტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

21 სექტემბერს ოპოზიციამ ევროკომისიის 12 პუნქტზე საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა.

დეოლიგარქზაციის პუნქტთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მოცემულ პაკეტში გაზიარებულია არასამთავრობო სექტორის მიდგომები დეოლიგარქიზაციის პროცესთან დაკავშირებით.

არასამთავრობო სექტორის წარმოდგენილი გეგმით, დეოლიგარქიზაციისთვის ცალკე კანონპროექტი გათვალისწინებული არ არის.

„12-პუნქტიანი ჩამონათვალის ყველა სხვა პირობის შესრულებამ ავტომატურად უნდა გამოიწვიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირება. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობით მთავარი პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის ახალი წესის მიღება, ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს გამოყოფა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან და მისი დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბება“, – ნათქვამია NGO-ების გეგმაში.