კალაძე: იწყება ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია

პუბლიკა

კახა კალაძის თქმით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს.

მისი თქმით, ბულვარი, რომლის ფართობიც 2 ჰექტარია, მძიმე მდგომარეობაშია და სრულად გასაახლებელია.

„თავდაპირველად ვფიქრობდით, გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მიწის ქვემოთ, გვირაბებში ჩაგვეტანა და ზედა სივრცეში მწვანე პროექტი განგვეხორციელებინა, თუმცა კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ ბულვარში ასწლოვანი ხეების დიდი ნაწილი უნდა მოიჭრას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საავტომობილო მოძრაობა დავტოვოთ ისე, როგორც არის და შუა გამყოფი ბულვარი მთლიანად მოწესრიგდეს“, – თქვა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსდება საპარკო ავეჯი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი ლარია.