კალაძე: ხშირად გამომიყენებია სამთავრობო თვითმფრინავი, ყოფილა ჩემი დაკვეთით და მე გადამიხდია ფული

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის მასაც გამოუყენებია. ამის შესახებ მან „TV პირველთან” კომენტარში განაცხადა.

კახა კალაძემ ჟურნალისტთან საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი Facebook-გვერდზე თავად გამოაქვეყნა წარწერით – „მოკითხვა სიცრუის დედოფალს”.

სამთავრობო თვითმფრინავის პირადი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით კალაძეს კითხვა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ დაუსვა. ჩიხლაძის თქმით, კალაძეს გაწეული ხარჯები დეკლარაციაში ასახული არ აქვს.

„არ მახსოვს ზუსტად, თუმცა ძალიან ხშირად მისარგებლია, არა მხოლოდ სამთავრობო… ძალიან ბევრჯერ ყოფილა, თუმცა არა სახელმწიფო [ხარჯებით]… დეკლარაციაში არის ყველა ხარჯი. ეს იყო პირადი მოგზაურობა და პირადი ხარჯი. ყველაფერი არის დეკლარაციაში ჩემს ხარჯებთან დაკავშირებით. ხშირად გამომიყენებია სამთავრობო თვითმფრინავი, ყოფილა ჩემი დაკვეთით და მე გადამიხდია ფული, ყოფილა შემთხვევა, სხვას გადაუხდია და უბრალოდ, გავყოლივარ. ყველაფერი არის შესაბამის უწყებაში და მოგაწვდით, თუ ამის ინტერესი გექნებათ”, – უთხრა კალაძემ ჟურნალისტს.

ჟურნალისტის შეკითხვას, დუბაიში დასასვენებლად სამთავრობო თვითმფრინავით წასვლა იყო თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, კალაძე პასუხობს, რომ გადაუდებელი იყო და თვითმფრინავის დალოდების ხარჯიც თვითონ გადაიხადა.

„კი, გადაუდებელი აუცილებლობა იყო. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, სადაც კახა კალაძეს ოდესმე ბიუჯეტით უსარგებლია ან ბიუჯეტიდან სარგებელი მიუღია. თქვენ მაბრალებთ და გეუბნებით, რომ ეს იყო ჩემი პირადი ხარჯი“, – ამბობს კახა კალაძე.

ცნობილია, რომ ხვალ „TV პირველის” ეთერში, „ნოდარ მელაძის შაბათში“ ახალი საგამოძიებო სიუჟეტი გავა, სადაც საუბარი იქნება სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებით გამოყენებაზე.