კალაძე: მერიის თანამშრომლებს ფიზიკურად უსწორდებიან, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

პუბლიკა

კახა კალაძის თქმით, მუშაობის დროს მერიის თანამშრომლებს ფიზიკურად უსწორდებიან.

„კანონის აღსრულების პარალელურად გახშირდა შემთხვევები, როცა ჩვენი თანამშრომლების მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს, სამართალდამრღვევები შეურაცხყოფენ მათ და ზოგჯერ ფიზიკურადაც კი ეხებიან. ეს ყველაფერი მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია”. – ამბობს კალაძე.

როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, თანამშრომლებზე თავდასხმის ინციდენტები მაშინ ხდება, როცა მერიის თანამშრომლები, მაგალითად, ტროტუარზე გაჩერებულ მანქანას აჯარიმებენ.

„ეს, რა თქმა უნდა, არის ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და არ ვაპირებთ რომ ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე თვალი დავხუჭოთ და ჩვენი თანამშრომლების შეურაცხყოფა სამართალდამრღვევებს შერჩეთ.

არასწორი და კატეგორიულად მიუღებელია ფიზიკური ძალადობა და ასეთი ადამიანები, ვინც ფიზიკურად გაუსწორდება ჩვენს თანამშრომლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, უნდა დაისაჯონ. ვთხოვ მერის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს, შესაბამისი უწყებების  ჩართულობით იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“. – თქვა კახა კალაძემ.