კალაძე: მეტი ვანო ოპოზიციას

პუბლიკა

„მეტი ვანო ოპოზიციას”, – ასეთი რეპლიკა ჰქონდა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთნ დაკავშირებით.

„მისი განცხადებებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ დროსა და სივრცეშია დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, თუ რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვისმინოთ…”, – განაცხადა კალაძემ.

„ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი. თუ ამას რომელიმე პარტია დაიკიდებს სიმბოლურად კედელზე, ეს მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია… ორი გვამის პატრონი პოლიტიკაში ისე აქტიურად მობრუნდეს, რომ მან ამ მუქარასა თუ დანაქადნებს ოდნავ მაინც ბიძგი მისცეს, არის აბსოლუტურად გამორიცხული”, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ.


7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“, – განაცხადა მან ციხის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. კონკრეტულ გეგმებზე კი მოგვიანებით ისაუბრებს.

„წლის ბოლომდე, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება…“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა: მათ შორისაა: 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.