კალაძე: მტკივნეულია, რომ ბრალდებულია მერიის თანამშრომელი, მაგრამ სიმართლის დადგენას შვების მოტანა შეუძლია

პუბლიკა

თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა ვაკის პარკის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

იცით, რომ დაკავებულია 9 პირი, მათ შორის, მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ.

მე რამდენიმე დღის წინ განვაცხადე და ვიმეორებ: მე მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე.

ჩემთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელი, მაგრამ სიმართლის დადგენა ერთადერთია, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. მე იმედი მაქვს, სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება შეკითხვები“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა.

18 ოქტომბერს შსს-მ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი, მათ შორის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელი და თანამშრომლები და ექსპერტები დააკავა.

LB loan image desktop LB loan image mobile