კალაძე რუსულენოვან ინტერვიუზე: ამაში პრობლემას ვერ ვხედავ

პუბლიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. კალაძის თქმით, ის ბლოგერს შემთხვევით შეხვდა და მასთან საუბარში პრობლემას ვერ ხედავს.

ინტერვიუ, რომელზეც კალაძემ კომენტარი გააკეთა, სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა რუსულენოვანმა მომხმარებელმა სახელით პაზლევიჩ ვალენტინა.

ვალენტინამ ორი ვიდეო გამოაქვეყნა. პირველ ვიდეოში ის ამბობს:

„მსოფლიოში სტილით ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკოსთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შანსი უმნიშვნელოდ მცირეა, მაგრამ არასდროს ნულის ტოლი“.

მეორე ვიდეოში კი უკვე ის კახა კალაძეს რუსულად ესაუბრება. კალაძე შეკითხვების საპასუხოდ საუბრობს ქართულ სტუმართმოყვარეობაზე და სამზარეულოზე.

„ქართველისთვის სტუმარი ღვთისაა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვახარებს, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტები ჩამოდიან. წლიდან წლამდე იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ჩამოდიან არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთლიანად საქართველოში. ძალიან მიხარია, რომ ტურისტებსაც ძალიან სიამოვნებთ ის, თუ როგორ ეპყრობიან მათ. ყოველთვის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ყოველთვის შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ. ჩვენთან ღვინოც და ქართული სამზარეულოც ძალიან გემრიელია…“, – ამბობს კალაძე რუსულად.

ბლოგერმა აღნიშნა, რომ მას ქართული სამზარეულო უყვარს და რამდენიმე კილოგრამს იმატებს ხოლმე, შემდეგ კი კალაძეს ჰკითხა, რომელია მისი საყვარელი კერძი, რომლის გასინჯვასაც ტურისტებს ურჩევდა.

„ზედმეტი კილოგრამები ყოველთვის პრობლემაა. თუ რეგულარულად მიირთმევ ქართულ საჭმელს, ძალიან ბევრი კალორიაა და მერე რთულია წონის კონტროლი.

მე, მაგალითად, ძალიან მიყვარს ხინკალი. ძალიან მიყვარს ქაბაბი, როგორც ამზადებენ. ძალიან მიყვარს იმერული და აჭარული ხაჭაპური. ძალიან მიყვარს, ჩვენთან რომ ამზადებენ სხვადასხვა წასახემსებლებს, წითელი ღვინო…

ბევრი ღვინის სმა არ მიყვარს, მაგრამ ერთი ჭიქა წითელი ღვინო ორგანიზმისთვისაც ძალიან კარგია. ჩამოდით საქართველოში, თბილისში, ჩვენ ეს ყოველთვის გვიხარია“, – ამბობს კალაძე.

დღეს კი ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ თქვა, რომ ამ რუსულენოვან ინტერვიუში პრობლემას ვერ ხედავს და საქართველოში ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენელს.

„არ ვიცი ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ ჟურნალისტი. რამდენიმე დღის წინ, მუნიციპალიტეტის სამუშაოებზე ვიმყოფებოდი. შემდეგ ერთ-ერთ კაფეში ყავის საყიდლად შევედი. აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს. მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს ვაკეთებო და შეკითხვები დამისვა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე ახლაც ვიტყვი, რომ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა. რუსი იქნება, უკრაინელი, იტალიელი, ამერიკელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ყველას შეუძლია ჩამოსვლა და სასიამოვნო დღეების გატარება. ისინი დახარჯავენ ფულს, ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკას და იმ ადამიანებს, ვინც ტურიზმის სფეროში საქმიანობენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რატომ საუბრობს ბლოგერთან ინტერვიუში ქართულ სამზარეულოზე, კახა კალაძე პასუხობს: „შეკითხვა შეეხებოდა სტუმარმასპინძლობას და მეც ვუპასუხე. რა თქმა უნდა, ტრადიციული საჭმელების გარდა, ჩვენ ბევრი ღირსშესანიშნაობა გვაქვს. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა საინტერესო და ამიტომ აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ინტერესი. მათ შორის ჩვენი სამზარეულო და ქართული ღვინო სარგებლობს დიდი პოპულარობით, რადგან ეს არის ჩვენი კულტურის, ადათ-წესების ნაწილი“, – ნათქვამია კალაძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.