კალაძე: თბილისის მერია საბურთალოზე ჩოგბურთის კორტების აღადგენს

პუბლიკა

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის მდებარე ძველი კორტების ტერიტორიაზე, სადაც კორპუსები უნდა აშენებულიყო, სპორტული კომპლექსი მოეწყობა.

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, მერიამ წარმატებით დაასრულა ინვესტორთან ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებები.

„რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯს, გვინდა, გავყიდოთ ეს ტერიტორია – გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, სადაც უნდა იყოს მითითებული, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს სპორტული კომპლექსი.

აქ იქნება ჩოგბურთის ოთხი კორტი, ერთი ღია ან დახურული საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი. ეს იქნება ცენტრი, რომლითაც ქალაქის მასშტაბით ყველა მსურველი, ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, კორტების ტერიტორია საცხოვრებელი შენობების ასაშენებლად წინა ხელისუფლებამ გაასხვისა. ხოლო, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორს ყველა ნებართვა კანონიერად ჰქონდა, მერიის ახალმა გუნდმა კორტების დაბრუნება შეძლო. კალაძემ ამისთვის მადლობა ყოფილ თანაგუნდელებს დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და საკრებულოს წევრს, ვახტანგ შაქარაშვილსაც გადაუხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს ჩვენს გუნდში აღარ არიან და ჩვენი გუნდის მისამართით, ხშირად არასწორი განცხადებების გაკეთებით გამოირჩევიან, მაინც ვალდებული ვარ, აღვნიშნო ამ ადამიანების როლი იმაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ ამ ქალაქისთვის კორტების ყოფილი ტერიტორიის დაბრუნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.