„თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდეტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად, ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ ვინ დგას ომის და ვინ მშვიდობის მხარეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ჩვენ ღიად ვამბობდით ყველაფერს. კერძოდ იმას, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სურს ომის წარმოება. ამით ისინი, რა თქმა უნდა, იღებენ სარგებელს, ფინანსურ კეთილდღეობას, მაგრამ ნადგურდება ქვეყნები, ქალაქები, სოფლები, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა.
ამის მაგალითია უმძიმესი ვითარება უკრაინაში. სრული კატასტროფა მივიღეთ ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ყველაფრის დასრულება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დგანან. ისინი თავიანთ კონკრეტულ ინტერესს ატარებდნენ სხვა ქვეყანაში და იგივე სურდათ საქართველოში“, – თქვა კახა კალაძემ.
გუშინ, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე გამართულ შეხვედრაზე იკამათეს. პრეზიდენტმა ტრამპა თქვა, რომ ზელენსკი ომის დასრულებისთვის მზად არ არის, ხოლო ზელენსკის თქმით, მას სურს ომის დასრულება გარანტიებით, რომელიც მის განახლებას გამორიცხავს.
ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის მიმდინარე სამხედრო დახმარების მიწოდების სრულ შეწყვეტას – ეს ინფორმაცია მაღალი თანამდებობის პირებმა “The Washington Post”-ს მიაწოდეს.
თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, იგი გავრცელდება მილიარდობით დოლარის ღირებულების რადარებზე, ტექნიკაზე, საბრძოლო მასალებზე და რაკეტებზე, რომლებიც უკრაინას პრეზიდენტის განკარგულებით უნდა მიეწოდოს, თქვა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენის პირობით ისაუბრა, “რადგან საკითხი სენსიტიურია”. – წერს The Washington Post.