თბილისის მერი, კახა კალაძე „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება და ამბობს, რომ არ იცის გათავისუფლების საფუძველი რა იყო, მაგრამ „თუ დოიაშვილს პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას“.
„განსხვავებული აზრი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს. უამრავი ადამიანია, მაგალითად, ჩემთანაც მერიაში, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრებები პოლიტიკურ საკითხებზე. შეუძლებელია ყველას ერთნაირი მოსაზრება და დამოკიდებულება ჰქონდეს.
რაც შეეხება მის მოხსნას, ამის საფუძველი არ ვიცი, რა იყო, მაგრამ რასაც ვუყურებ ბოლო თვეების განმავლობაში, თუ დოიაშვილს პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას, გააკეთოს და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას, ძალიან მარტივია.
ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს პროტესტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ, პირობითად, არ იმუშაო, არ გააკეთო შენი გასაკეთებელი. ძალიან მარტივია, ამიტომ ვთქვი, თუ ვინმეს აქვს სურვილი შეუძლია შემოვიდეს პოლიტიკაში. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ედგა სათავეში. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება, დამოკიდებულება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ მტრები. თქვენ ნუ უყურებთ იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, ვინც დღეს ქუჩაშია წარმოდგენილი აგენტურის სახით. არსებობენ ადამიანები, ვისაც შეიხლება სხვადასხვა შეხედულება ჰქონდეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მტრები ვიყოთ“, – განაცხადა კალაძემ.
16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო.