„ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს,და თბილისის მერს, კახა კალაძეს ჰკითხეს „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თუ როგორ ავალებდნენ ახალციხეში საჯარო მოხელეებს სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მასალაზე შეფასებების გაკეთებას.
„მაგალითად, თემურ ჭყონიაზე იყო დავალებები, რომ ის უნდა გაეკრიტიკებინათ სოციალურ ქსელში. ტროლ-ბოტებად ამუშავებთ საჯარო მოხელეებს?“ – იკითხა ჟურნალისტმა.
კახა კალაძემ შეკითხვაზე პასუხის დრო ჰომოფობიურ განცხადებას დაუთმო ისე, რომ მთავარი შეკითხვისთვის არ უპასუხია.
„პუბლიკა“ ემიჯნება კალაძის კომენტარში გამოთქმულ ჰომოფობიურ მოსაზრებებს.
„მე არ ვიცი, რაზე საუბრობთ, მაგრამ მე მგონი, ყველაფერი ნათელია და ცხადია. როდესაც ხდება სიბინძურის პროპაგანდა, ამ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ვისგანაც უნდა იყოს ეს და სადაც უნდა იყოს. როდესაც ხდება ბავშვებში ამ სიბინძურის პროპაგანდა, ეს ძალიან დამაზიანებელია და პირველ რიგში ჩვენ, მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარი არის პატარებზე, ჩვენს შვილებზე და მომავალ თაობაზე. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნიდანაც უნდა მოდიოდეს, არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულების პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში“, – ამბობს კალაძე.
McDonalds-ის ერთ-ერთ საკვებ ყუთში, „ჰეფი მილში“ საჩუქრად ჩადებულ მუსიკოს ელტონ ჯონის შესახებ მომზადებულ ბროშურას ბოლო დღეებია, სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედიამ ჰომოფობიური კამპანია დაუპირისპირა. კრიტიკული განცხადებებით გამოვიდნენ, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც.
აღნიშნულთან დაკავშირებით 16 ივნისს გავრცელდა McDonalds-საქართველოს განცხადებაც, რომელშიც გუნდი ბროშურის გამო ბოდიშს იხდიდა, მოგვიანებით განცხადება წაიშალა და გამოქვეყნდა ახალი განცხადება, რომელშიც წინა განცხადების ბუნდოვანების გამო იხდიდნენ ბოდიშს.