კალაძის პრეზენტაციის პარალერულად მერიის შენობასთან აქცია-პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მერიის შენობასთან „ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. აქცია თბილისის მერის კახი კალაძის მიერ გაკეთებული იმ პრეზენტაციის გასაპროტესტებლად გაიმართა, რომლის მიზანიც, მერის თქმით, ყალბ ახალ ამბებზე არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხების გაცემა იყო.

„როგორც ვიცით, დღეს კახა კალაძემ დააანონსა საკუთარი პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავრცელებენ ოპოზიციური და კრიტიკულად განწყობილი მედიები ფეიკნიუსებს. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება და თავად კახი კალაძე თავად არის წყარო მსგავსი ფეიკნიუსების, ბოტების, ტროლების ქარხნის და ა.შ.

სწორედ ამ პრეზენტაციის პარალერულად ვაპირებთ ჩვენც, რომ გავაცნოთ საზოგადოებას ყველა ფეიკნიუსი, რომელიც ხელისუფლებიდან წამოსულა. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურება ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი სიტყვის აკრძალვა და თუ როგორ იხარჯება ხალხისგან აკრეფილი ფული კალაძის პიარში, ტროლებსა და ბოტებში”, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა მამუკა ჯუღელმა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქოდნათ სკამები და პროექტორი, რომლის მეშვეობითაც, მათი თქმით, მოეწყო ანალოგიური პრეზენტაცია კახი კალაძის და საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული ფეიკნიუსების შესახებ.


თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საკუთარ Facebook-ლაივში სიუჟეტები მიუძღვნა იმ ტელევიზიებს, რომლებმაც, მისი თქმით, მერიის მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტის შესახებ ცრუ ინფორმაციები გაავრცელეს.

კალაძის შეფასებით, ე.წ. fake-ამბები იყო ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში მოწყობილი საპარკინგე სივრცის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში, ასევე, პანდემიის დროს სოცდაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტების ჩასაწყობად გამოყენებული პოლიეთილენის პარკების ღირებულების შესახებ ტელევიზიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში. კალაძის მიერ ფეიკენიუსად წოდებული მესამე ამბავი კი ეხებოდა მზიურის პარკს და მის სარეაბილიტაციო სამუშაობის მიმდინარეობას.

Facebook-ლაივის დასასრულს თბილისის მერმა განაცხადა, რომ იგი კვლავ გეგმავს იმ ტელევიზიების შესახებ ვიდეოების გაკეთებას, რომლებიც, მისი მტკიცებით, მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ.

კალაძის აღნიშნულ ინიციატივას  გამოეხმაურა კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“. კოალიციია მიიჩნევს, რომ აღნიშნული უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს.