„ნამდვილად არ გვერიდება, ჩვენ სიცრუეს არ ვავრცელებთ“ - კალაძე „ფეიკნიუსების“ ბანერზე

პუბლიკა

„ნამდვილად არ გვერიდება, ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ, ჩვენ პასუხები გვექნება თქვენივე გაკეთებულ სიუჟეტებზე არგუმენტებით, ფაქტებით“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფორმულას” ჟურნალისტს შეკითხვას – ხომ არ ერიდება, როცა მსგავსი ბანერი აქვს გამოქვეყნებული სოციალურ ქსელში.

„დღევანდელ გადაცემას დაელოდეთ, ეს არ იქნება პირველი და ერთადერთი, ამას ექნება პერმანენტული ხასიათი. ყველაფერს ნახავთ”, – ურჩია მან ჟურნალისტს, რომელმაც სიცრუის გავრცელების მაგალითად თუნდაც ერთი სიუჟეტის დასახელება სთხოვა.

საუბარია თბილისის მერიის დაანონსებულ ახალ პროექტზე, რომლის მიზანი, კალაძის თქმით, ყალბ ახალ ამბებზე არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხების გაცემაა.

პროექტის დასაანონსებლად კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბანერი, რომელზეც სამი ტელეკომპანია – „პირველი“, „მთავარი“ და „ფორმულა“ სიცრუის გამავრცელებლებად არიან მოხსენიებული.

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2020