კალაძის თქმით, ახალ წელს თბილისს ახალი ნაძვის ხე ექნება

პუბლიკა

კახა კალაძე ამბობს, რომ ახალი წლისთვის იგეგმება ახალი ნაძვის ხის შეძენა. მისი თქმით, ძველი ნაძვის ხე დაზიანდა. „ფოიერვერკის სროლის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა“, – თქვა მან.

კალაძის თქმით, რუსთაველის გამზირს დეკემბრის დასაწყისში ასევე ახალი განათებებით მორთავენ.

„თბილისი ახალ წელს ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება. თქვენ გახსოვთ, შარშან ნაძვის ხეს ფოიერვერკი ესროლეს, დაზიანდა, ამიტომ მოგვიწია ახალი ნაძვის ხის ყიდვა”, – განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მერიამ შეიძინა „ნაძვის ხის აქსესუარები“ და ამაში 730 000 ლარი გადაიხადა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით,  ნაძვის ხე ორსეგმენტიანი 24 მეტრის სიმაღლის იქნება, ექნება 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა-განათება.

ელექტრონული ტენდერი „თბილსერვის ჯგუფმა“ 12 სექტემბერს გამოაცხადა, 11 ოქტომბერს წინადადებების მიღება დაიწყო, 16 ოქტომბერს კი დასრულდა.

ნაძვი, რომელიც 2023 წელს რუსთაველის გამზირზე იდგა, მერიამ  64 000 ლარად შეიძინა. ჯამში: ნაძვის ხეზე, საახალწლო ნათურებსა და აქსესუარებზე, ასევე დეკორატიულ მატარებლებზე მერიას გამოყოფილი ჰქონდა 207 000 ლარი.