კალაძის თქმით, განიხილება, რომ „საკომენდანტო საათმა“ გადაიწიოს 11 ან 12 საათამდე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ „საკომენდანტო საათმა“ გადაიწიოს მაგალითად, ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე. ამის შესახებ მან გუშინ, 17 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება „კომენდანტის საათს“, რომ 21:00 საათზე ქალაქში გადაადგილება იზღუდება, 24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ „საკომენდანტო საათი“ გადაიწიოს მაგალითად, 11:00 ან 12:00 საათამდე. განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როდესაც „კომენდანტის საათი“ დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, ჩამქრალი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

მთავრობის წევრების განცხადებით, 24 დეკემბრიდან შეზღუდვების მოხსნის საკითხთან დაკავშირებით დამატებით იმსჯელებენ, დააკვირდებიან კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობას, ინფექციის სტაბილიზაციის ნიშნებს და ეპიდვითარების გათვალისწინებით მიიღებენ შეზღუდვის მოხსნაზე გადაწყვეტილება.