ეს კვირა დავაკვირდებით და გადავწყვეტთ, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბიდან – საბჭო

პუბლიკა

ჟურნალისტის შეკითხვას, შენარჩუნდება თუ არა ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლის მოხსნასაც მთავრობა 24 დეკემბრიდან  2 იანვრამდე პერიოდში გეგმავს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უპასუხეს.

თამარ გაბუნიას თქმით, საჭიროა, რომ საკოორდინაციო საბჭო ერთი კვირა დააკვირდეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღონ.

„ეს ერთი კვირა არის ჩვენთვის ეპიდემიოლოგიურად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ტენდენცია, რომელიც უკვე არის სტაბილიზაციის, რეალურად შენარჩუნება. ამდენად, ამის მიხედვით მიიღებენ შემდეგ გადაწყვეტილებებს სხვა დანარჩენ ქმედებებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, დღეს ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი და დამატებითი კონსულტაციები იქნება იმის მიხედვით, თუ რა ეპიდემიოლოგიური სურათი გამოიკვეთება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით სურათი და გეგმა არის ისეთი, როგორიც იყო გაცხადებული.

„ამ კვირაში იქნება კიდევ ერთხელ დაკვირვება და ანალიზი ეპიდემიური სიტუაციის და ბიზნესთან კონსულტაციები ყოველთვის იყო ამ პროცესის ნაწილი და ეს ესეც გაგრძელდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, ეს საკითხი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილვის საგანი იყო.

„საბჭო შეჯერდა იმაზე, რომ ჩვენ დავაკვირდეთ ამ კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის განვითარებას და გადაწყვეტილებები მივიღოთ კვირის ბოლოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომით და მასშტაბით უნდა იქნეს ან არ იქნეს შემსუბუქება. კონკრეტულად ახლა ვერ გეტყვით, რა შეიძლება გაიხსნას და რა არა. ამ შემთხვევაში მე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამ თვალსაზრისით უფრო რადიკალურები ვართ, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო იღებს ბალანსირებულ გადაწყვეტილებას – შეჯერებულ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება ბალანსირებული.


დღეს, 14 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 3498.

გუშინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო დახურული ყველა დაწესებულების გახსნა 24 დეკემბერს ცოტა სახიფათო იქნება.

26 ნომბერს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ამავდროულად, 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში მოხდება შეზღუდვების შემსუბუქება – ქვეყნის მასშტაბით იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.