კალაძის თქმით, თბილისის მეტროს პირველ ხაზს ვარკეთილსა და გლდანში ახალი სადგურები დაემატება

პუბლიკა

თბილისის მერიის ცნობით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ორი სადგური აშენდება. მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ როგორც „ახმეტელის თეატრის“, ისე „ვარკეთილის“ მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც შესაძლებელს გახდის მეტროს ხაზი ორივე მიმართულებით დაგრძელდეს.

კალაძეს არ დაუკონკრეტებია როდის უნდა განხორციელდეს ეს პროექტი.

„როგორც „ახმეტელის თეატრის“, ისე „ვარკეთილის“ მეტროსადგურზე განხორციელდება ახალი პროექტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პირველ ხაზზე თითო სადგურით, ორივე მიმართულებით დავაგრძელოთ აღნიშნული მეტრო. კერძოდ, ვარკეთილის მიმართულებით, პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სირგძე იქნება 1,2 კმ. ახალი მეტროსადგური დილის პიკის საათებში მიიზიდავს 4 500 მგზავრს. მაგალითისთვის, „ჰუალინგიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით დღიური მინიმალური მგზავრთნაკადია 66 000 ადამიანი, რომელთა ნაწილიც შეძლებს, გადანაწილდეს და გამოიყენოს ახალი სადგური“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გლდანის მიმართულებით პერსპექტიული ხაზი დაგრძელდება 1.1 კმ-ით. მერია ამბობს, რომ დილის პიკის საათებში ახალი სადგური მიიზიდავს 5 500 მგზავრს.

„უკვე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათებში შემცირდება 4 460 მგზავრით, ხოლო ზოგადად, გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 1 100-ით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომლებსაც „სადგურის მოედნამდე“ მისასვლელად სჭირდებოდა ორჯერ გადაჯდომა. ამასთან, შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო – თითქმის 20 წუთით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, პროექტი გააუმჯობესებს საფეხმავლო და ზოგად მისაწვდომობას, მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა და გაიზრდება ეკომომიკური აქტივობა.