კალანდარიშვილი საოლქო კომისიებს ინიციატივით მიმართავს სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი გადათვალონ

პუბლიკა

ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 1-ელ ნოემბერს, 140 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება. საოლქო საარჩევნო კომისიები, 11:00 საათზე, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სხდომებზე წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.

კალანდარიშვილი საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართავს ინიციატივითა და რეკომენდაციით – სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი.

„ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას. ჩვენ მიზანდასახული ვართ ამ პროცესში მაქსიმალურად გამოირიცხოს თუნდაც ცალკეული შემთხვევები რამაც გადათვლის მიმდინარეობას შესაძლოა ნებისმიერი სახით შეუშალოს ხელი და რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის ინციდენტის შემთხვევაში გვექნება შესაბამისი რეაგირება.

გადათვლის ცენტრებში სრულად იქნება გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები, ცენტრში შესვლისას ყველა უფლებამოსილ პირს, „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ჩაუტარდება ტესტირება“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.