რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დსთ-ს ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა ტელეკომპანია „ფორმულასთნ“ თქვა, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აქტიურად იყო ჩართული რუსეთთან პირდაპირი ფრენის გახსნასა და სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესში.
„ფარცხალაძე არასდროს არ ყოფილა FSB-ს აგენტი, რამდენადაც ვიცი. რაც შეეხება რუსული გავლენის აგენტს, ამერიკამ დაიწყო აქტიურად მუშაობა, რომ სხვა ჩინოვნიკებს აცნობოს, რაც შეიძლება ნაკლებად იმეგობრონ რუსეთთან. ეს პრევენციული და დაშინების აქტია სხვების გასაგონად. ფარცხალაძეს ვიცნობ, ის აქტიურად მუშაობს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებზე რუსეთთან. მე ის პირადად დავპატიჟე ჩემს ღონისძიებაზე, როდესაც ვცდილობდით რუსეთთან პირდაპირი ფრენის გახსნას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ის აქტიურად იყო ჩართული სხვა ქართველებთან ერთად ამ პროცესში.
რა იპოვეს ამერიკელებმა დამატებით, ეს არ ვიცი და არც მაინტერესებს. მას ორჯერ შევხვდი პირადად. ჩემთვის ფარცხალაძე მოქმედებს საქართველოს ინტერესებში, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. რა აქვთ ამის გარდა ამერიკის სპეცსამსახურებს, არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. ამ სანქცირებულთა სიაში 1800 კაცია შესული და მათ უმრავლესობას არანაირი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან არ აქვთ. ამიტომ, ამერიკამ ეს აქტი მიიღო სხვების დასაშინებლად”, – თქვა კალაშნიკოვმა „ფორმულასთან“. კომენტარის თარგმანი ტელეკომპანიას ეკუთვნის.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.
ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.
„ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე სიაში შეყვანილია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობის გამო“. – წერია განცხადებაში.