ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროკავშირის შემთხვევაში ერთ-ერთ მოთხოვნად საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხს დააყენებს.
კომენტარი მან კვიპროსში გააკეთა, სადაც სადაც საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მოლაპარაკებების შემთხვევაში რა იქნება შინაარსობრივი ნაწილის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა:
„მე ჯერ კიდევ თებერვალში წარვადგინე დოკუმენტი, რომელშიც ჩამოვთვალე, ყველა ის პუნქტი, რისი მოფიქრებაც შევძელი, დაწყებული რუსეთის მხრიდან ყველა საერთაშორისო შეთანხმების რეალური პატივისცემით, რომლითაც მათ აიღეს ვალდებულება, რომ თავს არ დაესხმებოდნენ მეზობლებს და პატივს სცემდნენ მათ სუვერენიტეტს.
მაგრამ, რა თქმა უნდა, არის სხვა საკითხებიც, მაგალითად, იმ დათმობების სარკისებურად ასახვა, რასაც ისინი უკრაინისგან მოითხოვენ, მაგალითად, დათმობების სამხედრო შეზღუდვებთან დაკავშირებით სარკისებურად უნდა აისახოს რუსეთზეც.
თუ ვიფიქრებთ რუსული ჯარების ყოფნაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ“, – განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, „რა თქმა უნდა, ეს მაქსიმალისტური მიდგომაა, მაგრამ ასეთივეა რუსეთის მიდგომაც, რომელიც მაქსიმალისტურ პრეტენზიებს აყენებს“.