კალასი: ვიზებზე ახალი რეგულაციები საშუალებას მოგვცემს, გარკვეული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ

პუბლიკა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნოემბერში ძალაში შევა ახალი სავიზო რეგულაციები, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, გააუქმოს უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის.

„მინისტრებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა უარესდება საქართველოში.

ევროპელი ელჩების წინააღმდეგ პერსონალური თავდასხმები მიუღებელია და ამას დიპლომატიაში ადგილი არ აქვს.

ევროკომისია მიმდინარე წელს, მოგვიანებით წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. ნოემბერში ახალი სავიზო რეგულაციების ძალაში შესვლასთან ერთად, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის“, – თქვა კალასმა.


7 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უვიზო მიმოსვლის უფლების გაუქმების გამარტივებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს ქმნიან ან გამოირჩევიან ადამიანის უფლებების დარღვევით.

მექანიზმი ევროკომისიას საშუალებას აძლევს, უსაფრთხოების საკითხების არსებობის შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნისთვის სავიზო მოთხოვნები აღადგინოს – თავდაპირველად დროებით, გამოძიებისა და დიალოგის დაწყებამდე, შემდეგ კი, სამუდამოდ, თუ პრობლემები კვლავ აქტუალური დარჩება.

უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ვადა 9-დან 12 თვემდე გაიზრდება და შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 24 თვით (ნაცვლად დღეს მოქმედი 18 თვისა). ამ დროებითი შეჩერების ფაზაში ევროკომისია დაიწყებს დიალოგს მესამე ქვეყანასთან, რათა გადადგას ნაბიჯები იმ გარემოებების გამოსასწორებლად, რამაც შეჩერება გამოიწვია.

უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება შესაძლოა 3 წლით გაგრძელდეს და თუ გამოსავალი არ მოიძებნა, ევროკავშირს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სრულად გაუქმების შესახებ.

ასევე, კანონი ევროკავშირს მეტ მოქნილობას მისცემს, შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა მთავრობის ოფიციალურ პირებს, რომლებიც, შესაძლოა, პასუხისმგებლები იყვნენ მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე.