კალიურანდი და მიქსერი ოკუპირებულ ცხინვაში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობენ

პუბლიკა

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივი განცხადებით გმობენ ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“.

„ვგმობთ 2024 წლის 9 ივნისის არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში, ცხინვალირ რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ფიქციური არჩევნების ორგანიზება უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ.საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს ჩატარდა.

ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 21%-ის დათვლის შემდეგ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა. ამ მონაცემების მიხედვით „ექსპრეზიდენტის”, ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს.

მეორე ადგილზეა ოკუპირებული რეგიონის ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პარტია, მესამე ადგილზე კი კომუნისტური პარტიაა.