კანცელარიასთან გათავისუფლებული სოციალური მუშაკების მხარდასაჭერად აქცია იმართება

პუბლიკა

მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების მხარდასაჭერად აქცია იმართება. მონაწილეები მათ სოლიდარობას უცხადებენ და მოითხოვენ, გათავისუფლებული სოციალური მუშაკები უკონკურსოდ აიყვანონ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოში. სოციალური მუშაკები გათავისუფლების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. მათი თქმით, გათავისუფლებისთვის მიზეზი ბუნდოვანია და სააგენტოსგან დასაბუთებული პასუხი ამ კითხვებზე არ მიუღიათ.

„პუბლიკასთან” საუბრისას სოცმუშკთა პროფკავშირის წარმომადგენელი ქეთი ხუციშვილი სოცმუშაკების უკონკურსოდ აყვანის მოთხოვნის მიზეზებს განმარტავს.

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ (2019 წლის დეკემბერში) წერია, რომ თუ ახალ სააგენტოს ანუ „ტრეფიკინგისა და ზრუნვის სააგენტოს“ ექნებოდა საჭიროება, ყველა სოციალური მუშაკი უნდა გადასულიყო უკონკურსოდ ახალ სააგენტოში. ამის პარალელურად აცხადებენ, რომ საჭიროება არის, კიდევ დაამატებენ სოცმუშაკებს, რომლებზეც გამოაცხადებენ კონკურსს. მაშინ როდესაც, საკმარისი რაოდენობის სოციალური მუშაკი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში. ზუსტად ეს გვაძლევს საფუძველს იმისას, რომ ეს ადამიანები უკონკურსოდ უნდა გადავიდნენ [სააგენტოში], როგორც დანარჩენი ადამიანები”, – ამბობს ხუციშვილი.

„შეგახსენებთ, ზუსტად 1 წლის წინ სოციალურმა მუშაკებმა საჯაროდ ამხილეს სისტემა, რომელიც ძალადობრივად ეპყრობოდა დასაქმებულებს და ვერ იცავდა ბენეფიციარებს. კადრების კრიტიკული სიმწირე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. ერთი წლის თავზე კი ვხედავთ სადამსჯელო ღონისძიებას სოციალური მუშაკების მიმართ!”, – აცხადებს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება.

სოციალური მუშაკების სოლიდარობის აქცია ქუთაისშიც იმართება.

სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური მუშაკები სამსახურიდან 29 იანვარს დაითხოვა. სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ცნობით, გათავისუფლებულია 33 მუშაკი, სააგენტოს ცნობით, კი 28.

ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკების გათავისუფლების მიზეზად უწყება რეორგანიზაციას ასახელებს. გათავისუფლებისთვის კი ეს მიზეზი ბუნდოვანია და სააგენტოსგან დასაბუთებულ პასუხს ითხოვენ – კონკრეტულად რატომ, რის საფუძველზე  დაატოვებინეს სამსახური. სოციალური მუშაკები გათავისუფლების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.