კანდიდატი, რომელსაც მიაჩნია, რომ მოსამართლე აზრს არ უნდა გამოხატავდეს, მოსამართლეთა კომიტეტის განცხადებას იზიარებს

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამირან ძაბუნიძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი არ არის და ხელი არ მოუწერია, თუმცა იმ განცხადებას, რომელშიც მოსამართლეები დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს აკრიტიკებენ, იზიარებს.

ამასთან, ამირან ძაბუნიძემ პარლამენტში მიმდინარე გასაუბრებაზე არაერთხელ განაცხადა, რომ მოსამართლე თავის აზრს არ უნდა აფიქსირებდეს. ის ბანგალორის პრინციპებს იმოწმებდა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა მოსამართლეს მიმართა შეკითხვით: „რამდენად თავსებადია თქვენ მიერ გამოთქმული შეფასება, რომ მოსამართლე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საჯაროდ არ უნდა აფიქსირებდეს პოზიციას?“

მოსამართლის განმარტებით, კომიტეტის ეს განცხადება იყო პასუხი „გარკვეულ განცხადებებთან“ დაკავშირებით და მასში განიმარტა ის, რაც კანონში წერია და „რაიმე განსაკუთრებული აზრი არ გამოხატულა“.

დეპუტატ დაუშვილის თქმით, იმ წერილის შინაარსი შემდეგი იყო: „თქვენი საქმე არ არის, ჩვენს საქმეში ნუ ერევითო“, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს, შესაძლოა, პოლიტიკური შეფასება იყოს, ხოლო წერილში მხოლოდ კანონის მუხლებია განმარტებული.

დაუშვილი დაინტერესდა, კანდიდატის აზრით, ჯდება თუ არა გაწონასწორებულობისა და ზომეირების პრინციპში იმ მოსამართლეთა განცხადება, ვინც არ დაეთანხმა კომიტეტის წერილს.

„ყველას განცხადება არ წამიკითხავს; რამდენიმესი მაქვს წაკითხული; პათოსი გასაგებია და ვფიქრობ, არ უნდა ჯდებოდეს… სავარაუდოდ [ამ მოსამართლეებმა ბანგალორის პრინციპები დაარღვიეს], არ ვიცი, ახლა ზუსტად ვერ ვიტყვი, მაინც, ალბათ, უფრო ყურადღებით წაკითხვაა საჭირო ამ განცხადების და გაანალიზება. ასე კრიტიკულად არ წამიკითხავს, ასეთ პრიზმაში არ შემიხედავს“, – განაცხადა მოსამართლემ.

მიხეილ დაუშვილი: „მე რა არ მესმის, იცით? ერთი კონკრეტული ფაქტი იყო. ამ ერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ადამიანთა ჯგუფი გამოვიდა და დააფიქსირა აზრი, რაზეც თქვენ ამბობთ, რომ ეს აბსოლუტურად მისაღები და ნორმალურია, ბანგალორის პრინციპებშიც ჯდება და გაწონასწორებულობისა და ზომიერების კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს და აი, ამავე ფაქტთან დაკავშირებით გამოვიდა ადამიანთა მეორე ჯგუფი, რომელმაც თქვა, რომ პირველი ჯგუფის მოსაზრებას არ არ ვიზიარებთო და ამაზე მეუბნებით, რომ ეს გაწონასწორებულობისა და ზომიერების კრიტერიუმებში არ ჯდება. შეგიძლიათ, მითხრათ, ლოგიკა სად არის აქ?“, – დაინტერესდა დეპუტატი.

ამ შეკითხვის საპასუხოდ მოსამართლემ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, მეორე ჯგუფის მოსაზრებაც „შეიძლება ჯდებოდეს“.

„თქვენ როგორც დამისვით შეკითხვა, მაგ მიმართულებით შეიძლება შეიცავდეს ნიშნებს, რომ ვერ აკმაყოფილებდეს ეთიკის წესებს. ვარაუდი გამოვთქვი. არ შემისწავლია მაგ კუთხით განცხადებები. შეიძლება, თქვენც მართალი იყოთ და მეც, გაანალიზება სჭირდება ამას“, – განაცხადა მოსამართლემ.