კანდიდატის სტატუსს ნაკლებად ველოდები - სუბარი

პუბლიკა

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის და მოძრაობა „ხალხის ძალის“ დამფუძნებლის სოზარ სუბარის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიუხედავად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მაინც ვერ მიიღებს. ასევე, სუბარის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების ნაწილი ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ საქართველომ მაინც უნდა შეასრულოს ისინი, რათა კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება ისევ საქართველოს არ დაბრალდეს.

„დასავლურ ინტეგრაციაზე როცა ვლაპარაკობთ ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით, აღარ გავიმეორებ რამდენად ანტისამართლებრივი და ანტიკონსტიტუციურია ზოგიერთი ის ცვლილება, რომლებსაც გვთავაზობენ. მაგრამ რადგანაც ამასთან არის დაკავშირებული ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, კი ბატონო, მხარს ვუჭერთ, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია მართლაც ეს პროცესი.

თუმცა ბევრი ჩემი კოლეგისგან განსხვავებით, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი იქნება ნულოვანი. ჩვენ ყველაფერ ამას მივიღებთ, შეგვრჩება დამახინჯებული კონსტიტუცია, მაგრამ ევროკავშირში კანდიდატობის სტატუსს მაინც არ მოგვანიჭებენ.

კანდიდატობიდან წევრობამდე შეიძლება 20 და 30 წელი იყოს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ კანდიდატის სტატუსსაც ნაკლებად ველოდები. თუმცა მცდელობა ჩვენ მაინც არ უნდა დავაკლოთ, თუნდაც ამისთვის ევროპელების მიერ ნაკარნახევი ისეთი არაევროპული შესწორებების მიღება გვიწევდეს კონსტიტუციაში, როგორიცაა, მაგალითად, პროკურორის არჩევის წესი. ამით ქვეყანა არ დაიღუპება. იმ პრობლემასაც გადავლახავთ, რაც იქნება ამ წესთან დაკავშირებული.

სამაგიეროდ, არ უნდა ჰქონდეს სათქმელი არავის, რომ რაღაც არ გავაკეთეთ და ამის გამო არ გაძლევთ კანდიდატის სტატუსს. ჯოხი ჩვენზე არ უნდა გადატყდეს“, – განაცხადა სუბარმა „POS TV-ის“ ეთერში.

თუმცა როგორც სუბარი ამბობს, მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები სწრაფად იცვლება და არ გამორიცხავს, რომ მისი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მართლაც მიიღოს.

„მეორე მხრივ, ისევ გავიმეორებ, იმდენად ჩქარა იცვლება განწყობები ევროპაშიც, მსოფლიოშიც, ეს პოლიტიკური პროცესი ისე მიდის… ახლა ლიზ ტრასის გადადგომა. არ არის ევროკავშირის წევრი ინგლისი, მაგრამ მაინც. ბევრი რამე იცვლება და შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჩვენ თუ ყველაფერი მზად გვექნება, მართლაც, კანდიდატის სტატუსიც შეიძლება მივიღოთ ჩემი მოლოდინების საწინააღმდეგოდ.

თუნდაც იმავე ირაკლი კობახიძის წარმატებული ვიზიტი ევროპაში ამ სოციალისტების შეკრებაზე და პრემიერების განცხადებები, მათ შორის, ოლაფ შოლცის განცხადებებიც გარკვეულ იმედს იძლევა. ბოლომდე შეიძლება დაიმედებულები ვერ ვიყოთ, მაგრამ იმედი არის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის.

მთავარია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს არ მივცეთ ხელისუფლებასთან მიკარების შანსი“, – განაცხადა სუბარმა.