კანონპროექტი რეპრესიულია - დეკანოიძემ მოსმენების კანონზე ბრიფინგი გამართა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა მოსმენების კანონპროექტზე არის კრიტიკული, ის მიღებულია ნაჩქარევად და მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს ევროკომისიის 12 პუნქტისა და სხვა რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„კომისიის მოსაზრებით, საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არის არაადეკვატური. საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა და ფარული თვალთვალი და მიყურადება, რომელიც კიდევ გააქტიურებულია იმ კანონპროექტში, რომელზეც ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ეს არ არის დემოკრატიული…

ეს კანონი, რომელსაც მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაადო ვეტო, ნამდვილად არ შეესაბამება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ იმ ვალდებულებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის წარმოდგენილი, არის მიღებული ვიწრო პარტიული ინტერესების მიხედვით, რაც ხაზგასმულია ვენეციის კომისიის დასკვნაში და რეალურად არ შეესაბამება ქვეყანაში ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას“, – თქვა დეკანოიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით,  ვენეციის კომისიის დასკვნა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს 12 პუნქტის და სხვა რეკომენდაციის შესრულებას და ყველა პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, განსაკუთრებით საკანონმდებლო ჩარჩოს გასააქტიურებლად, არის იმიტაციური.

„ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს საკანონმდებლო ჩარჩო, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის რეპრესიული სისტემის გამოხატულება საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებისა, მათ შორის სამოქალაქო სექტორზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ზემოქმედების იარაღი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც 27 აგვისტოს გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ საქართველოში მოსმენების კანონი ნაჩქარევადაა მიღებული და დასაბუთებას მოითხოვს.

კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციირებულია და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო. 22 ივნისს  პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან იცის, რომ ვეტო იქნება დაძლეული, თუმცა პრეზიდენტის განაცხადით, ეს არის პოლიტიკური  და არა სამართლებრივი აქტი.