კანონპროექტის მიხედვით, საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 11-მდე იზრდება

პუბლიკა

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 11-მდე იზრდება.

ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით იგეგმება კერძოდ:

  • კანონპროექტის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებიდან ორი კანდიდატი პარლამენტს წარუდგინოს.
  • პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის დამდგენი ჩანაწერი „არაუმეტეს ექვსი წელი“ იცვლება ჩანაწერით „ექვსი წელი“.
  • ასევე, ცვლილებებით, უქმდება ერთი და იმავე პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება სამი წლიდან ექვს წლამდე.
  • იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კერძოდ, აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამდგენი ნორმა ყალიბდება შემდეგი სახით: გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაუწყებელში ან ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.
  • საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით, მიმართოს ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით (მათ შორის, თანადაფინანსების მიზნით), სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისთვის.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ალუდა ღუდუშაური.