საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის სრულ აკრძალვას.
კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ უნდა აიკრძალოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური მედიის, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.
კანონპროექტის ავტორი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია, ხოლო ინიციატორები – ბექა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია.
ამავე პროექტით, ასევე იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვადრატულ მეტრ ფართობს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბერი. ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ვადა სრულიად საკმარისია ბიზნესოპერატორებისთვის, რომ ახალ რეგულაციებში არ მიადგეთ ზიანი, მოქმედ ხელშკრულებებთან მიმართებით.
რაც შეეხება ჯარიმას, ცვლილებათა პროექტის მიხედვით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლისა და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით.
„დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 1 თვეში. თავის მხრივ, აღნიშნულ საქმეებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს შეადგენენ ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
გარდა „რეკლამის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.
კანონპროექტი პარლამენტში 22 ოქტომბერს დარეგისტრირდა.