კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციები დაწესდება - საკანონმდებლო ინიციატივა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს დაავალა, დაიწყოს კანონპროექტზე მუშაობა, კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ.

„მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩაქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები.

პარლამენტის მხრიდან არსებობს მზადყოფნა და მე კიდევ ერთხელ ვთხოვ უმრავლესობის ლიდერს, რომ თქვენთან ერთად დაამუშაოს ცვლილებები, რომელიც საჭირო იქნება. ჩვენ გვჭირდება მკაცრი, გონივრული და პროფესიული პასუხის ყველა რისკზე, რომელმაც შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბოლო ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი. შს სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად,  საქართველოს ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს მიმართავს.