შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, კარანტინში მყოფი პირის სასტუმროს მე-4 სართულიდან გადახტომის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა, სასტუმროს ნომერში აგრესიულად იქცეოდა. უწყებაში აცხადებენ, საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველება უკვე გამოკითხეს 10-მდე პირი. მომხდარზე გამოძიება გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, 1993 წელს დაბადებული ფ.ჯ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით იმყოფებოდა თავის მეგობართან – შ.თ.-სთან ერთად.
გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, საკარანტინო სივრცეში ფ.ჯ. გახდა აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად. კერძოდ, მან დატოვა სასტუმროს ნომერი, გამოვიდა დერეფანში და ხმაურობდა, დააზიანა სასტუმროს ინვენტარი, რითაც დაარღვია საკარანტინო წესები.
გამოძიების ინფორმაციით, შ.თ. შეეცადა მეგობრის დამშვიდებას. წესრიგის დაცვისკენ ფ.ჯ.-ს დაცვის პოლიციის და სასტუმროს თანამშრომლებმაც მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოწოდებას, რის გამოც სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფ.ჯ.-ს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს ასევე საჭიროების შემთხვევაში მას დახმარებაც შესთავაზეს“, – წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ფ.ჯ. დამშვიდდა, დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სასტუმროს ნომერში დაბრუნება გადაწყვიტა, მისივე დროებითი საცხოვრებელი ოთახისკენ გაემართა.
„თუმცა მოულოდნელად მიბრუნდა და სასტუმროს მე-4 სართულიდან შენობის შიდა ტერიტორიაზე გადახტა. ამ დროისთვის, დაშავებული ფ.ჯ. იმყოფება თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.