რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა საქართველოსთან დაკავშირებით „ტელეგრამის” არხზე პოსტი გამოაქვეყნა.
„კაია კალას პოლიტიკური ბოროტებისა და დაუნდობლობის ახალი მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს. გავრცელებული ცნობებით, ამ „პოლიტ-დივამ“ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განაცხადა.
მის მიერ დასახელებული მიზეზი თბილისის მიერ დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევაა. ანუ, „საკუთარ პრინციპებს ვერ გადავაბიჯებ“ პოზიციის დასავლური ვარიანტი!
ამ შემთხვევაში საინტერესო და მაჩვენებელი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთო დამოკიდებულება კალასის ამ წამოწყებისადმი. და, რა თქმა უნდა, თვალს გავადევნებთ უკვე გაზრდილი, გააზრებული საქართველოსა და მისი პოლიტიკოსების რეაქციასაც.“- დაწერა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა.
გუშინ, 4 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში წარმოადგინა. საქართველოს შესახებ ანგარიში ხაზგასმულია, რომ საქართველომ ვიზების შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არც ერთი არ შეასრულა. უვიზო მიმოსვლის შეჩერება ამ ეტაპზე საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს ეხება და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში ვრცელდება. მექანიზმი 2026 წლის 6 მარტს, თავდაპირველად 12 თვის ვადით ამოქმედდა