კარგი იქნება, ფსიქიატრები, რომლებიც სულ მკურნალობაზე ლაპარაკობენ, დიაგნოზზე ჩამოყალიბდნენ - ექიმი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო კონსილიუმის წევრებმა – ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ და ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ მოინახულეს.

პაციენტის ჯანმრთელობის მონიტორინგის შემდეგ მათ მედიასთან სააკაშვილის მდგომარეობა შეაჯამეს.

ექიმების განცხადებით, სააკაშვილის სისუსტე გამოწვეულია იმით, რომ ის ფიზიკურად არ მოძრაობს. მათი განცხადებით, დღეიდან სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთო მეთოდისტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად გააქტიურებას შეუწყობს ხელს. მედოკოსების თქმით, სააკაშვილისგან მიიღეს პირობა, რომ მეთოდისტთან ერთად ივარჯიშებს.

ნინო შარაშენიძის თქმით, თხოვნაზე, უფრო აქტიურად ემოძრავა, სააკაშვილისგან ამ საღამოს თანხმობა ვერ მიიღეს. ექიმი ვარაუდობს, რომ ექსპრეზიდენტის პასიურობა შეიძლება დღის მეორე ნახევართან და დაღლილობასთან იყოს დაკავშირებული. ის განმარტავს, რომ წინა შეხვედრების დროს, რომელიც დღის პირველ ნახევარში იმართებოდა, სააკაშვილი უფრო აქტიური იყო.

ექიმი ელენე გიორგაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის სისუსტე ადინამიითაა გამოწვეული. მისი თქმით, სააკაშვილს არ აქვს სურვილი, იმოძრაოს და ივარჯიშოს.

„სურვილი რომ არ აქვს, ეგ არის დაკავშირებული ემოციურ ტრავმასთან და მენტალურ ჯანმრთელობასთან. ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი, ივარჯიშოს და გახდეს უფრო ძლიერი. მენტალურ ჯანმრთელობის შეფასება მხოლოდ ფსიქიატრებს შეუძლიათ, შეაფასაონ. კარგი იქნება, ფსიქიატრები, რომლებიც სულ ლაპარაკობენ მკურნალობაზე, იქნება დიაგნოზზე ჩამოყალიბდნენ და მაშინ მკურნალობა ჩვენთვისაც და თქვენთვისაც იქნება უფრო გასაგები“, – განაცხადა გიორგაძემ.

გარდა ამისა, ექიმების განცხადებით, ენდოკრონოლოგის მიერ შედგენილი კვების განახლების გეგმა წარმატებით შესრულდა და ხვალიდან ის შეძლებს, შეუზღუდავად იკვებოს. ენდოკრონოლოგ ელენე გიორგაძის თქმით, სააკაშვილს მოუხსნეს ნუტრიენტები, კალიუმის და მაგნიუმის შემცველი მედიკამენტები და ხვალიდან ის, ჰემატოლოგის რეკომენდაციით, B12 ვიტამინს მიიღებს. გიორგაძის თქმით, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით სააკაშვილის ყველა ანალიზი ნორმაშია.

„პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში რამე გართულება არ აქვს. აქვს ჰემოგლობინი შემცირებული, პერიოდულად იცვლება თუმცა თავისი ძირითადი, ქრონიკული დაავადებიდან (თალასემია) გამომდინარე, ძალიან მაღალი ისედაც არასდროს არ აქვს. არ აღენიშნება არც ერთი ვიტამინის დეფიციტი, არ აქვს აქტიური ჰემოლიზი…

არის სუსტად. დღის მეორე ნახევარში ეს სისუსტე განსაკუთრებით თვალშისაცემია, რაც სავარაუდოდ მის ემოციურ ლაბილობას უკავშირდება. იღლება ვიზიტორებთან შეხვედრით, იმ ემოციით, რასაც იღებს ტელევიზორიდან და ა.შ.

აბსოლუტურად ადეკვატურად, ხალისიანად გვიპასუხა შეკითხვებზე. დავსახეთ შემდგომი მოქმედების ტაქტიკა. მის მკურნალობაში, განსაკუთრებული კორექცია მის მკურნალობაში, ჰემატოლოგიური და ენდოკრინოლოგიური თვალსაზრისით არ ყოფილა. დაამთავრა რეფიდინგის (შიმშილობის შემდგომ საკვების ხელახლა მიღების) პროგრამა, იღებს საკვებს გეგმიურად… რამე განსაკუთრებული დახმარება არ სჭირდება. მუშაობენ მასთან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

შეკითხვაზე, რა აზრის არიან სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე, ნინო შარაშენიძე პასუხობს, რომ მისი სხვა სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანა სხვა დარგის ექიმების თანხმობითა და გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს და ეს შეკითხვები ნევროლოგებსა და ფსიქიატრებს მიემართება.