კარგი შესაძლებლობაა, რომ აღდგეს სიკვდილით დასჯა რუსეთში - მედვედევი

პუბლიკა

„რუსეთს ნამდვილად აღარ სჭირდება დიპლომატიური კავშირები დასავლეთთან“, -ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ახლა ყველგან განდევნილები ვართ, გვსჯიან, მაგრამ ისევ არ გვეშინია. ევროპის საბჭომ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეაჩერა რუსეთის წევრობა…

ეს ასევე კარგი შესაძლებლობაა, რომ რუსეთმა აღადგინოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების პრევენციისთვის. ისეთი როგორიც არის სიკვდილით დასჯა ყველაზე საშიში დამნაშავეებისთვის, რომელიც, სხვათა შორის, აქტიურად გამოიყენება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში“, – განაცხადა მედვედევმა.

როგორც Reuters წერს, მედვედევმა განცხადება რუსულ სოციალურ ქსელში vk-ზე დაწერა და კომენტარებში აღნიშნა, რომ დროა დაიხუროს საელჩოები.

„დროა დავკეტოთ საელჩოები და გავაგრძელოთ კონტაქტები ბინოკლებითა და იარაღით“.

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მედვედევმა აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციები არაფერს შეცვლის.

რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია დაწესებული. აკრძალვა 1997 წლიდან მოქმედებს. ამ დროისთვის ბელარუსია ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში და დსთ-ში, სადაც სიკვდილით დასჯა გამოიყენება.