კარგია, რომ უკან დაიხია განცხადებიდან, რომლითაც სააკაშვილი, გვარამია და ივანიშვილი ერთ სიბრტყეზე დააყენა – კობახიძე ზურაბიშვილზე

პუბლიკა

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ“, – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბრიფინგზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას პასუხობს.

მისი თქმით, როცა სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე, ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, „ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეიძლება მიეცეს. პრეზიდენტის ეს ე.წ. შეფასება რომ ტყუილია, ამასაც კი არა აქვს ამ შემთხვევაში რაიმე არსებითი მნიშვნელობა.

„როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ, ვციტირებ, „არგუმენტები არ დაგვრჩა“ და კანდიდატის სტატუსის მიღების მხოლოდ „მცირე შანსი რჩება“, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება. რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ისაუბრა მმართველი პარტიისა და საქართველოს მთავრობის ე.წ. ანტიევროპულ რიტორიკაზე, რასაც არავითარი საფუძველი არა აქვს. ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას მოითხოვს, არაა ევროპა და აქამდე გვეგონა, რომ ანტიევროპულ რიტორიკად მათი კრიტიკის გამოცხადება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო, თუმცა, ამ შემთხვევაში, მსგავსი, ადეკვატურობას მოკლებული განცხადება სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ.

ამასთან, საინტერესოა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუცია გუშინ უმწვავესად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასში გვხვდება როგორც ფაქტობრივი უზუსტობები, ისე დაუსაბუთებელი ბრალდებები. გაუგებარია, რატომ უწოდებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენს სამართლიან კრიტიკას ანტიევროპულ რიტორიკას, როდესაც ევროპარლამენტს თავად ასეთ უმძიმეს ბრალდებებს უყენებს.

სალომე ზურაბიშვილმა აბსურდი უწოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ამგვარი განცხადება პირველად არა მმართველმა პარტიამ, არამედ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გააკეთა. როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს და ამ სანქციებით მას ვერავინ შეაშინებს, ეს რას ნიშნავს, საზოგადოებას კარგად ესმის და, წესით, სალომე ზურაბიშვილსაც კარგად უნდა ესმოდეს. ამ ფონზე, რატომ ცდილობს ის ირიბი სანქციების თემის დაკნინებას, გაუგებარია და ამაზე მსჯელობაც საზოგადოებისთვის მიგვინდია.

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია თავისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ ქვეყანა არც ერთს არ უნდა გადავაყოლოთ, ეს არის ციტატა. არ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადება მისი სამარცხვინო შინაარსის დაგვიანებით გაცნობიერების გამო გადააკეთა. როგორც ჩანს, ნახა რა საზოგადოების განწყობა და უმძიმესი რეაქცია, მიხვდა, რომ ამ განცხადების უკიდურესი უსამართლობა და უმადურობა მის იმიჯს მძიმედ დააზიანებდა და უკან დახევა ამიტომ მოუწია”, – განაცხადა კობახიძემ.