კარლ ჰარცელი: პარტიებს შორის დიალოგი უნდა გაგრძელდეს

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საჭიროდ მიიჩნევს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელებას, რადგან საკითხების გადაჭრას დრო დასჭირდება. მისი თქმით, პირველი შეხვედრა მხარეებს შორის სასარგებლო იყო და პარტიების მხრიდან დიალოგში ჩართვის მზადყოფნა დაინახა.

„ბოლო შეთავაზება, რაც განიხილება, არ მინახავს და დეტალები არ ვიცი, თუმცა მნიშვნელოვანია კომპრომისის გამონახვა. პირველი შეხვედრის შემდეგ რაც ვთქვი, არის ის, რომ დიალოგი ძალიან სასარგებლო იყო.

გამიჩნდა შეგრძნება, რომ არსებობს პლატფორმა და სურვილი, ორივე მხარის მხრიდან ჩაერთონ ამ პროცესში. ის, რომ კომპრომისის პოვნა და საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარდება, არარეალისტურია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჰარცელის თქმით, საპროტესტო აქციები მშვიდობიანად უნდა გაგრძელდეს, რადგან ქუჩაში დაძაბულობა არსებულ ვითარებას უფრო გაართულებს.

„კონტრაქციები ამ პროცესის ნაწილია. ეს დაძაბულობა ქუჩებში კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. ამასთან უზრუნველყოფილი უნდა იქნას კანონის უზენაესობა და აზრის მშვიდობიანად გამოხატვა. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას“, – განაცხადა ჰარცელმა.