საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქმე ეხება სახელმწიფოს ღალატს, რასაც სახელმწიფო ტერიტორიების გადაცემის მცდელობა ჰქვია.
თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 1996 წელს მაშინდელი პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის თაოსნობით ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას გააგრძელებდნენ 1938 წლის რუკის მიხედვით.
„როგორ დაიწყო ეს ყველაფერი – 2013 წლის ბოლოს გავიცანი მეუფე კირიონი მან მომიყვა ისტორია, რომ 2007 წლამდე ქართველი მესაზღვრეები იდგნენ დავით გარეჯის ქედზე. უცებ გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენს მესაზღვრეებს ეუბნებიან, რომ ბიჭებო ახლა თქვენ ჩადიხართ ქვევით, რადგან ამ ქედზე უნდა დადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ვნებათაღელვა და გაუგებრობა, რა ხდება და რატომ. რა თქმა უნდა, ვერავითარ სამართალს მათ ვერ მიაღწიეს. მამა კირიონის თქმით, ეს გაუგებარი და მტრული მდგომარეობა გაგრძელდა 2012 წლამდე, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვალა. არქიმანდრიტმა მთხოვა, რომ იქნებ ამ საკითხში ერთხელ და სამუდამოდ გავერკვიოთ.
მე მაშინ პრემიერ-მინისტრი ვიყავი და ეს იყო ჩემი პირდაპირი ვალდებულება. შემდეგ გავიცანი ნოდარ ხორბალაძე, უწესიერესი, მაღალი კვალიფიკაციის კარტოგრაფი, რომლის სიჯიუტემ მოგვიყვანა დღევანდელობამდე. ასევე თედო გორგოძე. მაშინ მე მქონდა უსაფრთხოების საბჭო, ჩემი სათათბირო ორგანო და მინდია ჯანელიძე იყო ამ საბჭოს მდივანი, “- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ის ჰყვება, რომ სწორედ მინდია ჯანელიძეს დაევალა ამ საქმის ირგვლივ ყველაფრის გარკვევა და ინფორმაციის მოძიება. როგორც მინისტრი ამბობს, პირველი შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო, რომ ვერსად მიაკვლიეს რუკას.
„ჯერ კიდევ 1938 წელს კავკასიის რესპუბლიკები შეთანხმდნენ, რომ იმ წელს გამოყენებულ რუკებზე საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის დროს. 1996 წელს, მაშინდელი პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის თაოსნობით 2 სახელმწიფოს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელშიც წერია შავით თეთრზე, რომ 2 სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას გააგრძელებდნენ 1938 წლის რუკის მიხედვით. ერთი 200 000-იანი რუკა საქართველოში ვერ მოვიძიეთ. მაშინ დავავალე ჩემს სამსახურებს, რომ დაიწყეთ ამ რუკის მოძიება. არქივებში არ იყო არსად. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით იყო დაბეჭდილი და არ უნდა ყოფილიყო რთული“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მან გააგზავნა მინდია ჯანელიძე და ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან ჩამოიტანა 1:200 000-იანი რუკის ასლი. ეს რუკა კი გადასცეს უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებმა ნოდარ ხორბალაძეს, რომელიც მაშინ იყო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. მინისტრის თქმით, ამის შემდეგ ეს რუკა წარადგინეს სახელმწიფო კომისიაში, რომელიც მუშაობს დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე.
„ამან გამოიწვია ძალიან დიდ გაკვირვება, თუ საიდან გაჩნდა ეს რუკა. პირველი მარტივი კითხვა, რაც ჩვენ დავუსვით: თქვენ გიწერიათ შეთანხმებაში, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა მოილაპარაკეს, რომ ვიყენებთ 1938 წლის რუკას, რატომ არ სარგებლობდით ამ რუკის მიხედვით, რატომ შეათანხმეთ სახელმწიფო საზღვრები 70-80 წლებში გამოშვებული რუკებით? ეს იყო ლოგიკური კითხვა. პასუხი, რა თქმა უნდა, ბუნდოვანი იყო. ეს კონსტრუქციული საუბარი გადაიზარდა ძალიან არაკონსტრუქციულ და დესტრუქციულ ფორმატში. მე მაშინვე დავავალე სამსახურებს, რომ დაეწყოთ მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით. მთავარი არგუმენტი რაც მათ თქვეს, რომ ეს არის სამუშაო რუკა, ეს არ არის არქივიდან ამოღებული ორიგინალთან დამოწმებული რუკა და ამას როგორ გამოვიყენებთ აზერბაიჯანთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბრიდან პატიმრობაში არიან. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა.
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხადასაჭერად პროკურატურასთან აქცია გაიმართა
07 ოქტომბერი, 2020