„კასპობაზე“ „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტისთვის კასპის მერიამ 12 000 ლარი გადაიხადა

პუბლიკა

23 ოქტომბერს კასპში გამართულ ღონისძიება „კასპობაზე“ ქალაქის მერიამ „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტისთვის 12 000 ლარი გადაიხადა.

კასპის მერიამ აღნიშნული მომსახურება გამარტივებული წესით შეისყიდა.

შესყიდვის საჭიროებას მერია იმით ხსნის, რომ სახალხო დღესასწაული „კასპობა“ მუნიციპალიტეტში ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა და მასში მონაწილეობისთვის „მოსახლეობის თხოვნით „ღამის შოუს ბენდი“ შეირჩა“.

„მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მოთხოვნით შერჩეული იქნა პოპულარული ჯგუფი „ღამის შოუს ბენდი“, რომელიც თავისი რეპერტუარითა და შოუ-პროგრამით ფართო საზოგადოებაში მაღალი რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს“, – წერს კასპის მერია.

კასპის მუნიციპალიტეტს გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნა დაუკმაყოფილდა და ბაბი კირკიტაძემ, რომელიც „ღამის შოუს ბენდს“ წარმოადგენდა, ბენდის კონცერტისთვის „კასპობა 2022-ზე“ 12 000 ლარი მიიღო.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მიხედვით, მსგავსად ამ შემთხვევისა, ბაბი კირკიტაძემ სექტემბერსა და ოქტომბერში „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტებისთვის, ჯამში, 50 000 ლარამდე ანაზღაურება სხვა მუნიციპალიტეტებისგანაც მიიღო.

8 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა „გარისობა 2022-ზე“ კონცეტისთვის მათ 15 000 ლარი გადაუხადეს. ოქტომბერში ქედის მუნიციპალიტეტისგან ასევე 15 000 ლარი, სახალხო ზეიმზე „შემოდგომა ქედაში“„ღამის შოუს“ კონცერტის გამართვისთვის.

25 სექტემბერს მარტვილში გამართული საეკლესიო და საერო დღესასწაულის „ჭყონდილობა“ ფარგლებში „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტისთვის კი მარტვილის მუნიციპალიტეტისგან 19 500 ლარი მიიღეს.

LB loan image desktop LB loan image mobile