კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულმა დადგენილება დემონტრაციულად დახია - ადვოკატი

პუბლიკა

კასპში 2 ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.

როგორც მისი ადვოკატი, ქეთევან გაგოევი აცხადებს, რომ გიორგი მენაბდიშვილმა დადგენილება ბრალდების შესახებ დემონსტრაციულად დახია.

„მას გამომძიებლის მიერ გადაეცა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, ის ჩვენთან ოთახში არც შემოვიდა ბოლომდე. მან დემონტრაციულად დახია დადგენილება და გადააგდო”, – ამბობს ადვოკატი.

ბრალდებულის ოჯახის წევრები დღეს სახალხო დამცველის მოადგილეს გია ბურჯანაძეს შეხვდნენ. ოჯახში ბრალდებულის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობენ.

„აცხადებს შიმშილობას, არის ძალიან გაუწონასწორებელ მდგომარეობაში. რამდენადაც ადვოკატისგან ვიცით, არც მედიკამენტებს იღებს. პირველ რიგში მოვითხოვთ, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა, ამ ბიჭის მდგომარეობა არის ძალიან რთული”, – აცხადებს ბრალდებულის დედა.

როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, ბრალდებულს გარკვეული პირები ერთ-ერთი კომპანიაში წილის დათმობას სთხოვდნენ და ემუქრებოდნენ. მათივე თქმით, ამის შესახებ მან სამართლადამცველებს არაერთხელ მიმართა, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. ოჯახი მოითხოვს, გამოძიება წარიმართოს ამ მიმართულებითაც და გაირკვეს, რამ მიიყვანა მენაბდიშვილი ამ მდგომარეობამდე.

როგორც ჟურნალისტებს ომბუდსმენის მოადგილემ განუცხადა, სახალხო დამცველის აპარატი კომპეტენციის ფარგლებში საქმით დაინტერესდება და შესაბამისს საკითხებს შეისწავლის.


შსს-ს განცხადებით, ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

„ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მან 2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები და სამსახურიდან წავიდა – პირადი პატაკით დატოვა თანამდებობა”, – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე.

„მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. ასევე, რამდენიმე დღის წინ მან მოგვმართა განცხადებით, ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები კონკრეტული მოქალაქეების მიმართ. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – აცხადებდა ვლადიმერ ბორცვაძე.