კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, 2 ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა. მას დღეს ბრალი ოფიცალურად წარუდგინეს.

„ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის”, – აცხადებს პროკურატურა.

ბრალდების მხარის განცხადებით, „2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას”.

როგორც მისი ადვოკატი, ქეთევან გაგლოევი აცხადებს, რომ გიორგი მენაბდიშვილმა დადგენილება ბრალდების შესახებ დემონსტრაციულად დახია.

როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, ბრალდებულს გარკვეული პირები ერთ-ერთ კომპანიაში წილის დათმობას სთხოვდნენ და ემუქრებოდნენ. მათივე თქმით, ამის შესახებ მან სამართლადამცველებს არაერთხელ მიმართა, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. ოჯახი მოითხოვს, გამოძიება წარიმართოს ამ მიმართულებითაც და გაირკვეს, რამ მიიყვანა მენაბდიშვილი ამ მდგომარეობამდე.