კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

კასპში, ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატის თქმით, გიორგი მენაბდიშვილი ბრალს არ აღიარებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გამოიყენა პატიმრობა. დაცვის მხარე გავასაჩივრებთ მოსამართლის განჩინებას“, – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.


ადვოკატისვე გადმოცემით, დღეს გიორგი მენაბდიშვილმა დადგენილება ბრალდების შესახებ დემონსტრაციულად დახია.

როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, ბრალდებულს გარკვეული პირები ერთ-ერთ კომპანიაში წილის დათმობას სთხოვდნენ და ემუქრებოდნენ. მათივე თქმით, ამის შესახებ მან სამართლადამცველებს არაერთხელ მიმართა, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. ოჯახი მოითხოვს, გამოძიება წარიმართოს ამ მიმართულებითაც და გაირკვეს, რამ მიიყვანა მენაბდიშვილი ამ მდგომარეობამდე.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნაც.

„ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის”, – აცხადებს პროკურატურა.