კასპში „მთავარი არხის" ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს, კასპში, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ და საქმიანობაში ხელი შეუშალეს. სიტყვიერი შეურაცხყოფა ჟურნალისტს მაშინ მიაყენეს, როცა ის პირდაპირ ეთერში იყო.

ჟურნალისტი ჰყვებოდა, რომ ადგილზე იყო დაძაბული ვითარება, რამაც აქტივისტები გააღიზიანა, ისინი ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, რომ „იტყუებოდა“. ჟურნალისტი ჩართვაში იმასაც ამბობდა, რომ ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ შსს-ს წარმომადგენლებიც, თუმცა არ ცდილობდნენ ვითარების განმუხტვას.

კასპში დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო – როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, რა დროსაც მას თავს დაესხნენ და ავტომანქანაც დაუზიანეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ შსს-ს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. პარტიის წევრები, მათივე თქმით, კასპში ჩავლენ და მომხდარს ადგილზე გაპროტესტებენ.

„ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ აღდგეს კანონიერება, დაისაჯონ მოძალადეები და აღკვეთონ უკანონობა. პუტინისტურმა ბანდიტოკრატიულმა „რუსულმა ოცნებამ“, ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო აქცია ძალადობის პოლიგონად, შექმნა ძალადობის სპირალი,სადაც ფიზიკურად უსწორდებიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მედიის წარმომადგენლებს მოქალაქეებს პოლიტიკოსებს, პენსიონერებს. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოქმედებას შინაგან საქმეთა მინისტრისგან.არ ვაპირებთ, მოვუსმინოთ რუს ღარიბაშვილს. „რუსული ოცნების” ბანდიტები მიქსეულები არიან და ცდილობენ ჩაშალონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის შეხვედრა პენსიონერებთან. ჩვენ მივემართებით ახლა კასპში, რადგან პოლიტიკური ეპიცენტრი არის სწორედ იქ.“ – თქვა თინა ბოკუჩავამ.

შსს-ში აცხადებენ, რომ კასპში მომხდარზე გამოძიება 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.