კატო მიქელაძის პრემია სამ უფლებადამცველს გადაეცა

პუბლიკა

დღეს, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, კატო მიქელაძის რიგით მეცხრე პრემიის მფლობელი გამოვლინდნენ. წელს კატო მიქელაძის პრემია სამ უფლებადამცველს გადაეცა. პრემიის მფლობელები ბაია პატარაია, ელისო რუხაძე და თოზუ გულმამედლი გახდნენ.

„წელს კატო მიქელაძის ჯილდო გადაეცათ ბაია პატარაიას, ელისო რუხაძესა და თოზუ გულმამედლს, რომელთაც ქალთა უფლებებისთვის თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, კავშირი „საფარი“ აერთიანებთ“, – წერს „ქალთა ფონდი“.

ქალთა ფონდი საქართველოში ყოველ წელს კატო მიქელაძის პრემიას უფლებების დამცველ ერთ აქტივისტ ქალს გადასცემს. ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება.

ქალთა ფონდმა საქართველოში, „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ 2013 წელს დააწესა.

კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი.

როგორც ქალთა ფონდში ამბობენ, კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ახალი სახეების წარმოჩენა, წახალისებაა.

2013 წელს კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; 2014 წელს –  მარინა თაბუკაშვილი – ქალთა ფონდის „ტასო“ გენერალური დირექტორი; 2015 წელს – ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება; 2016 წელს – ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი; 2017 წელს – ქეთევან ხიდაშელი, ორგანიზაციის „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ დამფუძნებელი; 2018 წელს – იდა ბახტურიძე, ფემინისტი აქტივისტი. სპეციალური ჯილდო სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერისთვის გადაეცა ტრანსგენდერ აქტივისტს, ნატა ტალიკაშვილს. 2019 წელს პრემია ჟურნალისტ ხატია ღოღობერიძეს გადაეცა, ხოლო 2020 წელს აქტივისტ მარიამ ქაჯაიას. 

LB loan image desktop LB loan image mobile